Thursday, 24 March 2011

7 მიზეზი, რატომ მიყვარს შვედეთი

ავტორი: A Serious Man
ალბათ ყველა ადამიანს აქვს თავისი საოცნებო ქვეყანა, სადაც მოხვედრაზე ან კვლავაც მოხვედრაზე ოცნებობს. არიან ისეთებიც, რომლებიც ამაყად გაიძახიან, რომ მშობლიურ კუნჭულს მცირედითაც ვერ მოსცილდებიან, მაგრამ ისინიც კი სადღაც გულის სიღრმეში აწყობენ წარმოსახვით მოგზაურობებს ოცნების ქვეყნისკენ. ყველას საკუთარი მიზეზი აქვს, მათი ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს. ამასთან საღ აზრსაა მოკლებული, რადგან როგორც რომაელები ამბობდნენ, „რამდენიც კაცია, იმდენიც აზრია“. ჩემი ამორჩეული ქვეყანა შვედეთია, აგერ ჩემეული მიზეზებიც პირობითად დანომრილი:

1)ცხადია ბერგმანი. როგორც კრჟიჟტოფ კისლოვსკი იძახდა, იგი არის ერთადერთი რეჟისორი, რომელმაც იმდენი თქვა ადამიანის ბუნებაზე, რამდენიც დოსტოევსკიმ ან კამიუმ. ერთი ძველი ფილმის სათაურის არ იყოს, „ადამიანი ყველა სეზონისთვის“, ყველანაირი ხასიათისთვის. ალბათ არ დატოვა არცერთი წახნაგი, საიდანაც არ შეხედა ადამიანს, ზოგჯერ ოპტიმისტური ხედვით (როგორც „მარწყვების მდელოში“), ზოგჯერ კი საშინელი სიცხადითა და ღვთის დუმილით. ბერგმანის ფილმების ცქერის შემდეგ უნებურად მეტად ახლობელი ხდება ისეთი წმინდა ნორდული გვარ–სახელები, როგორიცაა სვენ ნიკვისტი (ყველა დროის ერთ–ერთი საუკეთესო ოპერატორი), გუნარ ბიორნსტრანდი, მაქს ფონ სიუდოვი, ჰარიეტ ანდერსონი, ინგრიდ ტულინი, ბიბი ანდერსონი, ლივ ულმანი, ერლანდ იუზეფსონი. ცხადია ბერგმანი ყველაფრის გამო.
2)1632 წელს შვედებმა დააარსეს ჩემი ამჟამინდელი ალმა მატერ – ტარტუს უნივერსიტეტი. ბალტიისპირეთის უკიდურეს ნაწილში მათ შემოიტანეს  წიგნების ბეჭდვა და ტარტუ „ჩრდილოეთის ჰაიდელბერგად“ აქციეს. ესტონელები ახლაც მისტირიან „ძველ კარგ შვედურ დროებას“ და შვედური მმართველობის საუკუნე–ნახევარს „ოქროს ხანად“ მოიხსენიებენ. საკუთარი ინიციატივით, ესტონელებმა ძეგლიც კი დაუდგეს დამპყრობელ გუსტავ II ადოლფს. შვედები შეცვალეს რუსებმა, რომლებმაც შემოიტანეს ბატონყმობა, ხოლო ივანე მრისხანეს ზარბაზნებმა ტარტუში უძველესი კათედრალის კედლები ჩამოანგრიეს. ახალი რუსული დასახლებებით ლამის ნახევარს გაუტოლდა ადგილობრივთა ხვედრითი წილი. დღეს ტალინში, ისევე როგორც დანარჩენ ქვეყანაში ნარვას გარდა, რუსულად ლაპარაკისთვის შეიძლება უროც კი მოგხვდეს კაცს თავში.
3)შეიძლება გაგიკვირდეთ, მაგრამ ჩემი ბავშვობის გახსენებისას პირველი არა ასტრიდ ლინდგრენი მომდის გონებაში, არამედ სელმა ლაგერლოფი. მისი „ნილსისა და ბატების გასაოცარი მოგზაურობა“ იყო პირველი წიგნი, რომელსაც ხელი მოვკიდე და წავიკითხე. არავის უთქვამს ან წაუქეზებია წამეკითხა იგი, ჩემით ვიპოვნე მტვრიან თაროებზე, ან მიპოვნა უფრო. აქ პირველად გავიგე ისეთი უცნაური სიტყვები, როგორიცაა „ოინბაზი“ ან „ჭილყვავი“. მერე და მერე შევიტყვე, რომ  სელმა ლაგერლოფი პირველი ქალი მწერალი ნობელიანტი ყოფილა  (ესეც შვედის მიერ დაარსებული!) და როგორი სინანულით მეხარჯებოდა მისი გამოსახულებიანი ბოლო 20 შვედური კრონი (მანამდე 50–იანი და ასიანი უპრობლემოდ).
4) სტოკჰოლმი და სტოკჰოლმერები. ბალტიის ზღვასავით კრიალა ქუჩები და ადამიანები. თხემით ტერფამდე მომხიბვლელი ხალხი, პირდაპირ ჟურნალის გარეკნიდან გადმოსული.  სადმე არსებობს კი სტოკჰოლმერზე უფრო თავაზიანი, ზრდილობიანი, მუდმივად ელეგანტურად ჩაცმული მოქალაქე, რომელიც ასეთი მზრუნველობით გაგიწევს დახმარებას. მუზეუმის წინ ჰოთ–დოგის გამყიდველი ქალიც კი, რომლისთვის გამუდმებული სიცივე და ტურისტთა სიმრავლე თავის შესაწყენი უნდა იყოს, ისეთი რუდუნებით მოგემსახურება, რომ ის ჰოთ–დოგი მსოფლიოში ყველაზე გემრიელ სანოვაგედ მოგეჩვენება. აი ნამდვილი ქალაქი და ნამდვილი მოქალაქეები.
5)ლეგენდარული ბიორნ ბორგი. იგი არ იყო ჯონ მაკინროივით მეამბოხე, ვერცხლისწყალივით ცვალებადი გენიოსი. პირიქით ლეგენდები დადიოდა მის ყინულოვან სიმშვიდეზე, თითქოს მისი წარმატების საწინდარი გულის ძგერის უჩვეულოდ დაბალი სიხშირე იყო მხოლოდ. ხალხს ყველაზე მეტად უყვარს ცრუ ლეგენდების შეთხზვა. რაც დრო გადის, უფრო წარმოუდგენელი ხდება მისი შთამბეჭდავი მონაპოვარის გამეორება – ზედიზედ ხუთჯერ მოგებული უიმბლდონი + ზედიზედ ოთხჯერ როლან გაროსი. როცა მთელი მსოფლიო მისგან ახალი და ახალი რეკორდების დამყარებას მოელოდა, 26 წლის შვედმა კარიერის მწვერვალზე შორს მოისროლა ჩოგანი და ერთი მცდელობის გარდა აღარც მოუხედავს მისკენ. ბიორნ ბორგმა დაამტკიცა, რომ იგი იდგა ყოველნაირ რეკორდსა თუ თამაშზე მაღლა. ჯონ მაკინროიმ კი, როგორც ამასწინათ გამოტყდა, ვეღარასოდეს შეიგრძნო ის ნამდვილი ჩოგბურთი ოდინდელი მეტოქის წასვლის შემდეგ.
6)შვედეთის რაინდული ისტორია. ჯერ მარტო როგორი სახელი აქვს შვედეთის ეროვნულ გმირს, რომელმაც გამოაფხიზლა საკუთარი ხალხი და დანიური უღლის წინააღმდეგ დაძრა – ენგელბრექტ ენგელბრექტსონი. მახსოვს, ომობანას თუ სხვა ამგვარი ბავშვური თამაშობისას ძირითადად ჩრდილოელ შვედებს ვირჩევდი ხოლმე. ქრისტიანობის და ევროპული ცივილიზაციის გავრცელებამაც ვერ შეცვალა შვედების ხასიათი. კარლ XII ვერსალის სტილში ნაგებ სტოკჰოლმის სამეფო სასახლეს მეომრების ბარაკს არჩევდა, ხოლო ოქროცურვილად მოვარაყებულ სამოსელს უბრალოდ ჯარისკაცულ ფარაჯას ამჯობინებდა. სასწაულებრივად ამარცხებდა კიდეც თავიდან გველეშაპს რუსეთის სახით, თუმცა არ იცოდა, რომ ლერნეს ჰიდრასთან ჰქონდა ურთიერთობა. მოჭრილ თავზე ორი იმდენი ამოვიდოდა საბოლოოდ. საკვირველია ნამდვილად, თავად ალექსანდრე სუვოროვი ისტორიულ მტერს, კარლ XII–ს თავის კუმირად რომ მიიჩნევდა.
7)შვედეთში მდებარეობს ქალაქი, სადაც უდიდესი სიამოვნებით ვიცხოვრებდი და ვისწავლიდი – უფსალა. ქვეყნის ისტორიული დედაქალაქი და საეკლესიო ცენტრი, სკანდინავიის უძველესი და უმთავრესი საუნივერსიტეტო ქალაქი, ბერგმანის მშობლიური მხარე. აქ გადაიღეს და აქ მიმდინარეობს მოქმედება ჩემი საყვარელი ფილმისა – „ფანი და ალექსანდრე“. დიდი რეჟისორის ჩანაფიქრით თავისი უკანასკნელი ნამუშევარი, რომლის ცქერისას მიღებულმა სიამოვნებამ საბოლოოდ გადამაწყვეტინა ამ პოსტის დაწერა.
ქართველი რომ არ ვიყო, ნამდვილად ვისურვებდი შვედეთში დაბადებას!

 P.S. სკანდინავიაზე დაწერილი ყველა საინტერესო პოსტი– აქაც გამოქვეყნდება , რათქმაუნდა ავტორის ნებართვით. მადლობა guniah–ს


4 Comments:

Lord Vader said...

არ მიკვირს, იმიტომ რომ მეც "ნილსი" უფრო მიყვარდა ბავშვობაში.

Anonymous said...

მერვე მიზეზს დავამატებდი!

http://www.clubrapid.com/upload_directory/fun/2/183.jpg

zaza said...

hah merve mizezi :))

lia said...

Sverige jag saknar...სკანდინავიური ქვეყნები მოვლილიმაქვს მაგრამ ამათგან შვედეთი ძაან განსხვავდება,არის მართლაც ბევრი მიზეზი რომ გიყვარდეს ეს ქვეყანა!!kanshe jag kommer snart och ska hellsar till SVERIGE :)):)))