Tuesday, 12 July 2011

გასეირნება ტელემარკში

ამ შაბათ–კვირას Summer School-ის მიერ ორგანიზებულ ექსკურსიაზე გახლდით ნორვეგიის ერთ–ერთ მხარეში Telemark-ში.
პირველი ღირსშესანიშნაბა , რომელიც ტელემარკში მოვინახულეთ ცნობილი ნორვეგიელი დრამატურგის და მწერილის ჰენრიკ იბსენის ბავშობის სახლია. იგი დღეს მუზეუმად არის ქცეული და საკმაოდ საინტერესო სანახავია. როგორც მუზეუმის გიდის ნაამბობიდან შევიტყეთ – ამ სახლში ჰენრიკ იბსენი 7დან 15 წლის ასაკამდე ცხოვრობდა. შემორჩენილია მრავალი ავეჯი და საოჯახო დანიშნულების ნივთები. ასევენ ჰენრიკის გაკეთებული მინიატურული თოჯინები და მისი რამდენიმე პირადი ნივთი.

ჰოლი



სამზარეულო









სასტუმრო ოთახი –ე.წ. ზალა
  












შემდეგი სანახაობა ტელემარკის არხი გახლდათ, რომელის მშენებლობაც 1882 წელს დასრულდა. იგი  105 კილომეტრზეა გადაჭიმული და შედგება 8 შლიუზისგან (არხში წყლის ნაკადის მარეგულირებელი ნაგებობა). ჩვენ ყველაზე დიდი შლიუზი მოვინახულეთ (Vrangfoss Sluser), რომელსაც 5 დანაყოფი აქვს და მათშორის სხვაობა 23 მეტრია.
  


 (ფოტოებზე ნაჩვენებია გემის არხში შემოსვლა)
 


ტელემარკის არხიდან –Uppigård Natadal–სკენ, სადაც ღამე უნდა გაგვეტარებინა და მეორე დღეს კვლავ ჩვენი ექსკურსია გაგვეგრძელებინა. გზატკეცილიდან გადავუხვიეთ და ვიწრო სამანქანო გზას დავადექით – ნელნელა მაღლობლებს შევუდექით და ცოტა ხსნის სიარულის შემდეგ ტყეში ჩაფლული ტყის კოტეჯიც გამოჩნდა. ყოველთვის მაღფრთოვანებდა ნორვეგიელების მიდგომა ტრადიციების და თავიანთი კულტურის მიმართ, მაგრამ გამორჩეულად მაინც ის მომწონს , რომ არა მხოლოდ ინახავენ და მუზეუმად აქცევენ ტრადიციებს, არამედ იყენებენ და კომერციულ სარგებელს ნახულობენ. 
ეს ხის სახლები, რომელიც ახლა სასტუმროდ არის ქცეული 1700–წლებშია აშენებული და აქ  გლეხების საცხოვრებელს წარმოადგენდა. მასპინძლებმა , როგორც საქართველოში იტყვიან, ბუხარი გაახურეს და სასწრაფოდ ვახშმის სამზადის შეუდგნენ. სასტუმროს უფროსმა ამასობაში – სასადილო ოთახში შეგვყარა და ამ ხის სახლების ისტორიას გაგვაცნო. შემდეგ მიუხედავად წვიმისა– კარმიდამო დაგვათვალიერებინა და იქაური "მაიამი ბიჩიც", რომელიც სულ ექვსმეტრიანი სანაპიროა პატარა გუბურის წინ– გვანახა.
ნორვეგიულ სტილში მოწყობილი მისაღები ოთახი

   
 კოტეჯში ძაღლი, კატა, ვირი და ქათმები ჰყავთ     
როგორც იქნა ვახშმის დროც მოვიდა, რომელიც ზუსტად 2 საათს გაგრძელდა. პირველი საჭმელი, რომელიც სპეციალურად მადის აღსაძვრელად მოგვართვეს – რათქმაუნდა თევზი იყო.
ჩვენ ყველამ თვალისდახამხამებაში შევსანსლეთ ჩვენი პატარა ულუფა და მოთმინებით დაველოდეთ მეორე კერძის ჩვენამდე მოღწევას, რომელიც მოხარშული კარტოფილი, ყვავილოვანი კომბოსტო, სტაფილო და სუნელებში მოხარშული ხორცის ნაჭრები გახლდათ– სპეციალურ სოუსში. ამ კერძის შემდეგ – უკვე გვარიანად გამომძღარი გახლდით, მაგრამ მიუხედავად ამისა – არც დესერტზე ვთქვი უარი და კაკლიანი ნამცხვარიც დავაყოლე. გემრიელი ვახშმის მერე ჩაის ჭიქით ხელში მყუდრო სკამებზე მოვკალათდით და ბევრი ვისაუბრეთ გვიან ღამემდე. ალბათ ამის ბრალია , რომ მეორე დღეს საშინლად "დანგრეულმა" გავიღვიძე. თუმცა გამოფხიზლების დრო აღარ იყო, სასწრაფოდ საგზალი ჩავალაგეთ და Heddal-ისკენ გავწიეთ.
Heddal-ში 1100იან წლებში აშენებული Stavkirke მოვინახულეთ, რომელშიც კვლავინდებურად მიმდინარეობს ღვთისმსახურება, იყენებენ ჯვრისწერისთვის და სხვა რელიგიური ცერემონიებისთვის.
ეკლესიაში გიდის მონათხრობის მოსმენის მერე, იქვე მდებარე მუზეუმს ვეწვიეთ. უფრო სწორად რომ ვთქვათ მუზეუმი კი არა – რამდენიმე ძველისძველი ხის სახლები გახლდათ, დაახლოებით ისეთი , როგორიც ჩვენი ეთნოგრაფიული მუზეუმია , ოღონდ გაცილებით მცირე. მუზეუმის პერსონალმა გულთბილი დახვედრა მოგვიწყო, მუზეუმის ისტორიის მოყოლის შემდეგ, საგზლის ჭამის უფლებაც მოგვცა და მაშინ როცა ჩვენ მადიანად ვილუკმებოდით – ნორვეგიული ჰანგებიც დაამღერეს.
 ასეთ მხიარულ ტალღებზე დამთავრდა ჩემი ორდღიანი გასეირნება ტელემარკში. უნდა აღვნიშნო რომ საკმაოდ მსუბუქი და მარტივი ექსკურსია იყო (სხვებისგან განსხვავებით არც წვიმაში გვივლია და არც კლდეებზე გვიცოცია), მაგრამ რაც მთავარია კარგი შთაბეჭდილებებით და დადებითი ემოციებით დავბრუნდი შინ.


0 Comments: