Thursday, 7 July 2011

International Summer school of Oslo

ოსლოს უნივერსიტეტი 1811 წელს დაარსდა და იგი ნორვეგიის ყველაზე ძველი და დიდი უნივერსიტეტია. პირველი საზაფხულო სკოლა , რომელსაც ოსლოს უნივერსიტეტმა გაუწია ორგანიზება 1947 წელს გაიხსნა, თუმცა თავდაპირველად ის მხოლოდ ამერიკელი სტუდენტებისთვის იყო. ნელნელა არა ამერიკელი სტუდენტების რიცხვმა მოიმატა და 50იან წლებში მას "საერთაშორისო საზაფხულო სკოლა" ეწოდა. ყოველწლიურად ოსლოს საზაფხულო სკოლას საშუალოდ 550–მდე სტუდენტი სტუმრობს 100მდე ქვეყნიდან.

საერთაშორისო საზაფხულო სკოლაში 20 სხვადასხვა კურსია (კურსების ჩამონათვალი). სასწავლო ენა ინგლისურია– გარდა ნორვეგიული ენის კურსებისა. საზაფხულო სკოლა 6 კვირას გრძელდება და გარდა აკადემიური პროგრამისა კიდევ მრავალ გასართობ თუ კულტურულ–შემეცნებით ღონისძიებებს გვთავაზობს. ექსკურსიები, პატარა ტურები, მუზეუმების დათვალიერება, ნორვეგიის კულტურის საღამოები, ნორვეგიული ცეკვის გაკვეთილები და სტუდენტების საღამოები– ეს ის პროგრამაა , რომლითაც ექვსი კვირის განმავლობაში ნამდვილად არ მოიწყენ და მერწმუნეთ შეიძლება ამოსასუნთქი დროც არ დაგრჩეთ.

საზაფხულო სკოლაში აპლიკაციების მიღება იანვრის ბოლოს წყდება და იწყება შერჩევის პროცესი. საბოლოო პასუხი აპრილშია. ყოველწლიურად უამრავი ადამიანი აგზავნის აპლიკაციას ამიტომაც შერჩევისას ბევრ რამეს ითვალისწინებენ. ყველაზე კარგი ისაა, რომ ჩვენნაერი ქვეყნებისთვის სტიპენდიაც არის დაწესებული. ასე რომ თუ გაგიმართლათ – ეს იმას ნიშნავს რომ – ფრენა, ბინა, კვება და ცოტა ჯიბის ფულიც გარანტირებული გაქვთ.

 ოსლოს უნივერსიტეტის ტერიტორიაზე 28 შენობაა განთავსებული და სტუდენტური საცხოვრებელი , რომელიც ახლა 400სტუდენტს გვიტევს. აქვეა სასადილო ოთახი, ბიბლიოთეკა, ბილიარდი, პინ–პონგი, ფრენბურთის მოედანი და სხვა გასართობი საშუალებები. 


პირველად ოსლოს საზაფხულო სკოლაში 2006 წელს ჩამოვედი – ახლა ჩემი მეორე ვიზიტია. ამჯერად Gender Equality in the Nordic Countries -ს ვსწავლობ. საკმაოდ საინტერესო და ამავედროს რთულიცაა. 7 მსხვილი წიგნი მაქვს წასაკითხი და ათასგვარი პრეზენტაციები გასაკეთებელი. თუმცა შიგადაშიგ იმის დროც რჩება რომ ქალაქში გავიდე და თვალს წყალი დავალევინო.
 ყველას ვურჩევდი ოსლოს საზაფხულო სკოლის გავლას–ეს არა მხოლოდ გამოცდილების შეძენა და ცოდნის მიღებაა– არამედ თვალსაწიერის გაფართოება. აქ შეიძლება ითქვას , რომ მთელი მსოფლიოს ამბებს გაიგებთ– ისეთი ქვეყნების არსებობასაც, რომლებიც მანამდე არც გსმენიათ, გაიცნობთ უამრავ საინტერესო ადამიანს, გაიჩენთ მეგობრებს და სწავლასა და გართობასთან ერთად ძალიან ბევრ საინტერესო ადგილს ნახავთ.

P.S. როგორც იქნა მოვაბი თავი ამ პოსტის დასრულებას. აქ ძალიან ჩქარა გადის დრო. მთელი დღეები დახუნძლულია ლექციებით, სემინარებით, ფილმებით, სხვადასხვა საღამოებით და მუდმივად გადარბენებზე ვართ ყველანი. თუმცა მაინც ვეცდები ხშირად ვწერო , სანამ აქ ვარ :)


2 Comments:

Linda said...

ან დევს აპლიკაცია ამ საზაფხულო სკოლოსთვის? უნივერსიტეტის საიტზე?

ქეთი said...

თუ არ ვცდები ნოემბერში დებენ 2012 წლის სეზონისთვის